რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ტყეშელაშვილის შეფასებით, რუსეთმა ემბარგო შესაძლოა ყოველი ცუდი სიზმრის შემდეგ დააწესოს.
"ნებისმიერი ბაზრის გახსნას მივესალმებით, თუმცა მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და ნებისმიერი ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს, როგორც ეს ფრენებთან დაკავშირებით მოხდა", - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგე.
მინისტრის შეფასებით, ქართულ ეკონომიკას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რუსეთის მხრიდან მორიგ თამაშს გაუძლოს.
"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ თავი ისეთ ხაფანგში შევყოთ, საიდანაც გამოსვლა გავიჭირდება. აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთის საბაჟო კავშირის შესახებ ხელშეკრულება ძალში შევა, რაც მოსკოვს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შეტანის კონტროლს გაურთულებს", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.