საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ნიკოლ ბრიკს (Nicole BRICQ) შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც ფრანგული მხარის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება.
მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის კუთხით საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO-ს (AFD-ს კერძო სექტორის ფრთა) დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებისა და შემდგომ, თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთს საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტი. ვისაუბრეთ ბევრ კონკრეტულ თემატიკაზე, მათ შორის, ფრანგული კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობაზე. განვიხილეთ პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო პერსპექტივაზე. დაგეგმილია, რომ თბილისში გაიხსნება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისი, რაც მნიშნელოვანია ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისთვის. შევთანხმდით, რომ ორივე მხარე ვიმუშავებთ ქართულ-ფრანგული ბიზნესფორუმების ორგანიზებისთვის. მნიშნელოვანია მინისტრის დაპირება, რომ საფრანგეთი საქართველოს დაეხმარება, რათა გავაუმჯობესოთ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის, საფრანგეთის საექსპორტო კრედიტების დაზღვევის სააგენტოს (COFACE) რეიტინგი. ქალბატონმა მინისტრმა აღინიშნა და ვეთანხმებით, რომ ჩვენი საერთო მიზანია, საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირების შემდგომ, მისი ხელმოწერა და ძალაში შესვლაც მაქსიმალურად სწრაფად მოხდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას.