გიორგი თარგამაძემ ინგა გრიგოლია "ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიის საარჩევნო სიის 1-ელ ნომრად ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ "ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა დღეს, "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა.
თარგამაძის თქმით, ყოფილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თბილისში მარტის ბოლოს ჩამოვა და პოლიტიკურ საქმიანობის უკვე აპრილის დასაწყისიდან დაიწყებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება და მოახლოებულ არჩევნებში "ქრისტიან - დემოკრატიულ" პარტიას ინგა გრიგოლია უმეთაურებს. ინგამ ბევრი გააკეთა, როგორც თავისუფალი მედიისა დასიტყვის დასაცავად, აგრეთვე უბრალო ადამიანების დახმარების მიმართულებითაც. გრიგოლია არის უაღრესად მებრძოლი ადამიანი და მას არ გაუჭირდება იმ გამოწვევებზე გამკლავება, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს - სამუშაო ადგილების შექმნა, შენარჩუნება და კომუნალური გადასახადების ტარიფების დაწევა", - განაცხადა თარგამაძემ.
"ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიის ლიდერის აზრით, მათ მიერ თვითმართველობის და მერის არჩევნებში დაყენებული კანდიდატების ტანდემი დაუმარცხებელი იქნება.
"რეალურად ჩვენს მიერ დაყენებული კანდიდატები ინგა გრიგოლია და მერის არჩევნებში გია ჭანტურია, გულგრილს ვერ დატოვებს ვერცერთ თბილისელ ამომრჩეველს. "ქრისტიან - დემოკრატიული" პარტიას რეალურად შეუძლია მისი სლოგანის განხორციელება - "ადგილების შექმნა, შენარჩუნება და კომუნალური გადასახადების ტარიფების დაწევა". თუ ვინმეს ამის არ სჯერა ეს არჩევნებზე და მის შემდეგ გამოჩნდება", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.