სსფ-ი საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიას იზიარებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა, სსფ-ს მისიასთან შეხვედრამდე გააკეთა.
„პრაქტიკულად სსფ-მ გაიზიარა საქართველოს მთავრობის გეგმა, რაც კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს ყველა იმ დაგეგმილ მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრს, რომელზედაც ჩვენს ვმსჯელობდით. და ასევე, რომელსაც ეყრდნობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სეზონურობის გათვალისწინებით, 7 %-მდე იქნება ზრდა თვეების მიხედვით. სამწუხაროდ ვერ მოხერხდება, რომ წლიურ 6 %-იან ზრდაზე გავიდეთ, მაგრამ შემოდგომა და ზამთრის პირველი თვე მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი წლის პროგნოზი მიღწეული იქნება"- განმარტა ნოდარ ხადურმა.
სსფ-ს წარმომადგენლების განმარტებით, თუ კი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იქნება და ბიზნესგარემო გაუმჯობესდება, მომავალი წლისთვის ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა მიღწევადი იქნება.
„განვიხილავთ ზოგად ეკონომიკურ სურათს, დღევანდელ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2,5 %-ს მიაღწია. მიმაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკა გაუმჯობესდა. მომავალ წელს 5 %-იან ზრდას ველით, ამისათვის კი სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა და გაუმჯობესებული ბიზნესგარემო გვჭირდება"- განმარტავს სსფ-ს წარმომადგენელი მარკ გრიფისი.