საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელი სტუმრები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იკრიბებიან.
რუსთაველის თეატრში დღევანდელი დღის დასკვნითი ღონისძიება - ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი უნდა ჩატარდეს. კულტურულ საღამოზე სხვადასხვა მუსიკალურ ნომრებს ქართველი მომღერლებიც შეაასრულებენ.
ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის თეატრში არ მისულა და საზეიმო ღონისძიება სწორედ მისი მისვლის შემდეგ დაიწყება.
ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად გახდა. მან პარლამენტის ძველი შენობის შიდა ეზოში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიალზე ფიცი ქვეყნის კონსტიტუციაზე და ბიბლიაზე დადო.
მარგველაშვილის ინაუგურაციას 53 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი დალია გრიბაუსაკაიტე და სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ელჩები იყვნენ. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები - ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებიან. ღონისძიებაზე არც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.