მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აცხადებს, რომ როდესაც ხელისუფლება ერთი ხელით რაღაცას აკეთებს, მეორე ხელით აუცილებლად აფუჭებს. ამის მაგალითად კი ქობულეთში მიმდინარე წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.
"სამუშაოს მწარმოებელ კომპანიას სამშენებლო კარიერი ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონაში აქვს მოწყობილი და მძიმე ტექნიკით მოიპოვებს სამშენებლო ქვიშას, რაც საფრთხეს უქმნის ფიჭვნარის უნიკალურ ნაქალაქარს. ამასთან, უშუალოდ ფიჭვნარის ნაქალაქარის მე-6 უბანზე ითხრება არხი, რაც არასასურველ ზეგავლენას ახდენს ძეგლის კულტურულ ფენებზე, _ განაცხადა 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვეფხია ქათამაძემ.
მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ მიმართავს ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებას, შეწყდეს ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზიანდება და ნადგურდება.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვეფხია ქათამაძე კატეგორიულად ითხოვს სამშენებლო ქვიშის მოპოვების შეწყვეტას და ალტერნატიული კარიერების და მარშრუტების გამოძებნას. იგი შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სწორედ ძეგლების პოპულარიზაციით უნდა მოხდეს ქობულეთის ტურისტული პოტენციალის ამაღლება.
ამასთან, მოძრაობის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი მოუწოდებს სამართალდამცავ და გარემოს დაცვის უწყებებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები.