2013 წლის ოქტომბერში გასული სექტემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსზე 0,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი -5,1 პროცენტით შემცირდა, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი გაზრდილია 59,0 პროცენტით.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერში 2013 წლის სექტემბერთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა, რაც პროცენტული ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვესექციებზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (20,7 პროცენტი) და „მრეწველობის სხვა დარგები" (30,1 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით და შესაბამისად სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა 5,1 პროცენტით და პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში -4,18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-5,5 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-10,9 პროცენტი);
ფასების 4,0 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილებაზე ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,54 პროცენტული პუნქტით. სამთომოპოვებით მრეწველობაში ფასების კლებამ 8,3 პროცენტი შეადგინა, რაც -0,39 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში.