პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია და მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.
პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია და მისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. ეს არის წესი, რომელიც ყველგან მოქმედებს – უკრაინაშიც, მოლდოვაშიც, გერმანიაშიც და, შესაბამისად, საქართველოშიც. ან ვინმემ უნდა თქვას, რომ საქართველო მეორეხარისხოვანია, ქართველები კი, მეორეხარისხოვანი ერი. თუკი უკრაინაში კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვა შეიძლება, ჩვენთან არ შეიძლება, ჩვენ ვინმესთან შედარებით პლებეები ვართ?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის აკრძალვის პროცესს დემოკრატიის შესუსტებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„პირიქით, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კონსტიტუციის მტერი პარტიების აკრძალვის მთელი არსი ის არის, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავდაცვის უნარი და ინსტრუმენტები, რათა კონსტიტუციისა და დემოკრატიის მტრები პოლიტიკურ ლანდშაფტში არ იყვნენ. IRI-ის კვლევების ნახვის შემდეგ „ნაცებმა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს და ა.შ. მათ ხომ ნახეს, როგორია მათი მხარდაჭერა? ასე რომ, თავადაც საუბრობენ ერთმანეთზე და საქართველოში დემოკრატიულ პროცესს აფერხებენ. ასე რომ, პირიქით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თუ ჩვენი არგუმენტები სარწმუნო იქნება, ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება, საზოგადოება კი ამ ყველაფრისგან მხოლოდ მოიგებს და გაიხარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მომავალში იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს არგუმენტაციას გაიზიარებს. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ თითოეული ეს პარტია წლებია, ჩართულია ანტიდემოკრატიულ პროცესებში, რომელთა მიზანიც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაა. რამდენიმე მცდელობა ჩაუვარდათ და როდემდე უნდა უყუროს და ითმინოს საზოგადოებამ, როდესაც ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, არჩევნების საბაბით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ? აღარაფერს ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე ასახულია სარჩელის შინაარსში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.