ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი პარლამენტში კვლავ დებატების თემაა. აღნიშნული საკითხი დღეს სესიაზე ჯონდი ბაღათურიამ დააყენა, გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა და ქრისტიან-დემოკრატები საკითხის კრიტიკისთვის დაადანაშაულა.
"ეს არის აბსულუტურად სწორი და რაციონალუირ ნაბიჯი. მიკვირს, ჩემი საკმაოდ კვალიფიციური კოლეგები რატომ ტეხენ ჭიქაში ქარიშხალს. ამით ქვეყნისთვის საფრთხე არც იზრდება და არც კლებულობს", - განაცხადა ბაღათურიამ.
მის ამ განცხადებას ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი და ედპ-ის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე გამოეხმაურნენ. ახვლედიანმა პოლიტიკოსებს ურჩია, ჩავიდნენ ადგილზე, იქ გაეცნონ პრობლემებს და შემდგომ გააკეთონ ასეთი განცხადებები.
"იქ უნდა ჩახვიდეთ და მერე უფრო ადვილად გაარკვევთ, არის თუ არა ქარიშხალი ჭიქაში. ფაქტია, რომ ჩვენ ამით არაფერს ვიგებთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი პრობლემებს ვიქმნით. თუკი თქვენი განცხადება ემსგავსება ხელისუფლების განცხადებებს, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩვენი", - განაცხადა ახვლედიანმა.
ჩახვაძემ კი დეპუტატებს გაახსენა რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს პოსტსაბჭოური ქვეყნების ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოქცევას. ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასაც ამ პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და შიშობს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
ოპოზიციის ამ განცხადებებს უმრავლესობაც გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, "საქართველოს ლარსის გამშვები პუნქტი არ ჩაუკეტია. ეს მოხდა რუსეთის გადაწყვეტილებით და ახლა, როდესაც იყო მათი მხრიან წინადადება, ქართული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია. საფრთხეებს ვერც გახნით ავიცილებთ და ვერც ჩაკეტვით, რადგან ტანკები თბილისიდან 20 კილომეტრში დგანან და ეს ტანკები ლარსიდან არ შემოდიან. უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე მიუხედავად იმისა, ჩვენს ოპონენტებს რა მოსწონთ და რა უხარიათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა კი ქრისტიან-დემოკრატები საარჩევნო კამპანიის გამო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.
"თქვენი მხრიდან იყო თანხმობა ლარსის გახსნაზე თუკი რუსეთი პირობებს შეასრულებდა. რუსეთი ამ პირობებს ასრულებს და ამაზე მკაფიო პასუხი მიიღეთ საკითხის კომიტეტზე განხილვისას. ამიტომ თქვენი პოზიცია ახლა არის არასერიოზული და არ შეიძლება ყველაფერი წინასაარჩევნოდ კეთდებოდეს", - განაცხადა მინაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ოპოზიცია რუსული მხარის მხრიდან რა პირობების შესრულებას ითხოვდა და რუსეთი რა პირობებს დასთანხმდა.