საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი დავით დარახველიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალურ დირექტორ რენატე ჰელდისთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემატიკა, იძულებით გადაადგილებული პირების თვითკმარობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ, ჩვენთან ერთად, განიხილა ყველა ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც დევნილების, ემიგრანტების რეინტეგრაციის საკითხებთან არის დაკავშირებული. დაისახა მომავალი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გეგმები, რაც მისასალმებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება და მრავალი ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდება" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით დარახველიძემ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 20 ქვეყანასთან თანამშრომლობს, მათ შორის საქართველოსთან. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება საექსპერტო მომსახურეობის გაწევაა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში 2500 დევნილს გაუწია კონსულტაცია დასაქმების მიმართულებით, 450-ს პროფესიული უნარების გადამზადების კუთხით, 1700-მდე დევნილს ე.წ. „რბილი უნარები" - ს (საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა) კუთხით, ხოლო 350-ს ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მიგრაციის რესურსცენტრები. რესურსცენტრები, თბილისსა და ქუთაისში მდებარეობს და საზოგადოებას ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის, საზღვარგარეთ დასაქმებისა და არასწორი მიგრაციის შესახებ. აღნიშნული რესურსცენტრები გადმოეცა სამინისტროს.
მინისტრის განცხადებით, წარმატებით ფუნქციონირებს მობილურობის ცენტრი, რომელიც ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა საკითხებზე მუშაობს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა კმაყოფილება სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების მიმართ. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სწორედ წარმატებული საქმიანობა გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველო ჩაერთო პროგრამაში, სახელწოდებით - „ბევრი ბევრისათვის".
„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს გახლავთ ჩემი მეორე ვიზიტი საქართველოში. წინა ვიზიტზე შესაძლებლობა მომეცა მომენახულებინა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებები, მენახა მათი გადამზადების პროცესი ახალ უნარებსა და პროფესიებში, მენახა მათი ბიზნეს პროექტები. ძალიან ბევრი რამე კეთდება თქვენი სამინისტროს მიერ და ჩვენი ორგანიზაცია მზად არის, რომ გააგრძელოს მუშაობა სამინისტროსთვის მნიშვნელოვან სფეროებში: მიგრაციის მართვის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ფორმებს შეიძენს" - განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა რენატე ჰელდიმ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ილიანა დერილოვა - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ნათია კვიციანი - პროგრამების ადგილობრივი ხელმძღვანელი, მარინა მანკე- ორგანიზაციის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური სამსახური.