დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს დილიდან ს.ს საზღვაო ჰოსპიტალში და სს ჩემი ოჯახის კლინიკა-ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა, ასევე ენდოკრინოლოგის, და ოფთალმოლოგის კონსულტაციები.
უფასო სამედიცინო გამოკველების მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე გაეცნენ და ინიციატივის ავტორებს მადლობა გადაუხადეს.
დიაბეტთან ბრძოლის დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1991 წლიდან აღინიშნება და 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ.
2013 წლის 14 ნოემბერი „დიაბეტის პრევენციისა და განათლების" ხუთწლიანი კამპანიის ფინალურ ეტაპს წარმოადგენს. 2009-2013 წლებში დიაბეტის მსოფლიო დღის ძირითადი თემაა მოსახლეობის განათლება დიაბეტის შესახებ და პრევენცია.