პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა ხელი მოაწერა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
აღნიშნული საზოგადოების მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა GIZ-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა ანია გენშმა. მემორანდუმს ხელს აწერს აგრეთვე GIZ-ის რეგინალური დირექტორი მარტინ ჰომოლა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს პროგრამას „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში". პროგრამის ძირითადი მიზანია საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა, განსაკუთრებით საფინანსო კონტროლის განხორციელების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა მოიცავს სახელმწიფო საფინანსო კონტროლის სამივე დონეს: შიდა კონტროლს და შიდა აუდიტს; გარე აუდიტს; საპარლამენტო კონტროლს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობის მყარ საფუძველს წარმოადგენს, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,ეს ორგანიზაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს დახმარებას, მათ შორის აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთანაც. მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც ეხება საჯარო ფინანსების მართვას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მემორანდუმზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის გარდა ფინანსთა მინისტრისა და გენერალური აუდიტორის ხელმოწერებიც იქნება", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, კონკრეტულად რაც შეეხება პარლამენტთან თანამშრომლობას, იგი უკავშირდება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტულად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უკავშირდება. თანამშრომლობის შემდეგი მიმართულება იქნება საბიუჯეტო ოფისისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფუნქციების სწორი გამიჯვნა და ეფექტური მართვა. კიდევ ერთ მიმართულებას კი ახლად რეორგანიზებული საბიუჯეტო ოფისის რეფორმირება და შემდგომი მართვა წარმოადგენს. „ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად არ მუშაობდა. ჩვენ ვაპირებთ სწორედ ამ ფუნქციების გაძლიერებას და ამაში ეს ორგანიზაცია აქტიურად დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამშრომლობაში ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც იქნება ჩართული", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.