იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის გასათავისუფლებლად მიმართული გარეშე ძალების არაერთი მცდელობა სრული კრახით დასრულდება.
წულუკიანის თქმით, იგი უკვე ესაუბრა მის ფრანგ კოლეგა მინისტრს და კეზერაშვილის ექსტრადირების მნიშვნელობის და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
"მქონდა პატივი, რომ ჩემი კოლეგის, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრისთვის, ქალბატონი ტობირასთვის მიმემართა და ამეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისათვის და სამართლისათვის ამ საქმეზე ექსტრადიციის განხორციელება და მას შემდეგ, რაც საფრანგეთი მასალებს მიიღებს, ჩვენ ველოდებით საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარეშე ძალების ის ძალიან ბევრი მცდელობა, რომელიც როგორც ჩანს, მიმდინარეობს მის გასათავისუფლებლად, დასრულდება სრული კრახით,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.