ორგანიზაცია "აქტივი კულტურისთვის" ახორციელებს პროექტს "ქართული ვიდეო ხელოვნების კვლევა და ონლაინ არქივის შექმნა,"
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანამედროვე ხელოვნების განვითარების საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი სპანდერაშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში მზადდება 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო კონტექსტისთვის შექმნილი ვიდეო ნამუშევრების შეგრეოვება, კვლევა და შესაბამისი კატეგორიზაცია.
„ამ ეტაპზე ავტორებისგან ნამუშევრების შეგროვების პროცესი თითქმის დასრულებულია. არქივში თავმოყრილილია 50-მდე მხატვრის 200-ზე მეტი ვიდეო ნამუშევარი. არქივი ინტერნეტ სივრცეში ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის დეკემდებრში", - განაცხადა სპანდერაშვილმა.
მისივე თქმით, ნამუშევრების თავმოყრის და არქივის გამართვის პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს ქართული ვიდეო ხელოვნების კვლევის ტექსტურ ნაწილზე. კონკრეტულად, იგეგმება პუბლიკაციის მომზადება, რომელიც ასახავს საქართველოს კონტექსტში ვიდეო ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ასპექტს.
„2014 წლის 1 მარტს დაგეგმილია გამოფენის მომზადება, რომელიც წარმოადგენს პროექტის შემაჯამებელი შედეგების ერთგვარ რეპრეზენტაციას. კერძოდ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, მოპოვებული ვიდეო მასალიდან შერჩეული ნამუშევრები. გამოფენა გაიმართება ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (რკინიგზელთა სახლი). შენობის დღევანდელი მდგომარეობა და მასში არსებული სივრცეები თითქმის იდეალურ პირობებს ქმნის ექსპოზიციის საინტერესოდ მომზადებისათვის. ქართველ დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველად ერთიანობაში აღიქვას ქართული ვიდეო ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრები 90-იანი წლებიდან დღემდე. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების გამოფენებს, სადაც ვიდეო ნამუშევრები წარმოდგენილია ძირითადად სხვა მედიებში შესრულებულ ნამუშევრებთან ერთად, საქართველოში ქართული ვიდეო ხელოვნების გამოფენა, რომელიც იქნებოდა ამავდროულად ამ კონკრეტული სფეროს კვლევა, არ გამართულა", - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გალაქტიონ ერისთავმა.
გამოფენის გახსნამდე 1 თვით ადრე 2014 წლის იანვარის ბოლოს გაიმართება პრეს კონფერენცია მედიისთვის და არქივის საჯარო პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია "აქტივი კულტურისთვის", რომლის წევრებიც არიან ახალგაზრდა არტისტები, კურატორები და მკვლევარები - ალექსი სოსელია, გალაქტიონ ერისთავი, გიორგი სპანდერაშვილი, თამარ მუსხელიშვილი.