დღეს, 14 ნოემბერს, სტრტს იღებს საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ფოტომანი 2013". კონკურსი ონლაინ რეალითი შოუს პრინციპით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფოტომოყვარულები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. «Photoman-2013» Facebook-ის ოფიციალურ აპლიკაციაზე: https://apps.facebook.com/photomann/ ტარდება.
კონკურსი «Photoman-2013» საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ეგიდით უკვე სამჯერ ჩატარდა, წელს ფოტოკონკურსმა საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და უკვე ტარდება ევროკავშირის პროექტის SAYCHEESE! ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო,სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა). კონკურსის მიზანია საუკეთესო პროფესიული თვისებების მქონე ახალგაზრდა ფოტოგრაფებისა და ფოტომოყვარულების წარმოჩენა და პრიზებით წახალისება; ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ონლაინ ფოტოსკოლაში Photo-School.eu პილოტური კურსის მსმენელთა გამოვლენა.
კონკურსი"ფოტომანი 2013" მიმდინარეობს სწრაფ, დაძაბულ ტემპში, საკუთარ თავზე მუშაობის მუდმივ რეჟიმში და მაღალი კონკურენციის პირობებში; შედეგი დამოკიდებულია არა რამდენიმე პირის გადაწყვეტილებაზე, არამედ თავად კონკურსანტის აქტიურობაზე, ნიჭსა და შესაძლებლობებზე.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის დაწესებული პრიზები ელით: ვიდეოკამერა, პორტატული რაცია, ფოტოაქსესუარები, ფოტოტურები და, რაც მთავარია, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ დაწესებული გრანპრი: Canon 6D 24-105 მმ ობიექტივით. ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 15-15 მონაწილე მოიპოვებს უფასო სწავლის უფლებას 4-თვიან კურსზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოსკოლაში Photo-School.eu და მიიღებს ექვსი ქვეყნის ფოტოგრაფთა ასოციაციების მიერ დამოწმებულ სერთიფიკატს. ონლაინ ფოტოსკოლაში სწავლის მიზნით კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ფოტომოყვარულებს რეგიონებიდან. კონკურსის რეგისტრაცია დაიწყო 1 ნოემბერს და გაგრძელდება 2013 წლის 1 დეკემბრამდე. წესებისა და პირობების დეტალები, ასევე სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ Facebook-ის სპეციალურ აპლიკაციაზე: https://apps.facebook.com/photomann/.