ხვალ, 14 ნოემბერს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საერთაშორისო მულტიმედიური გამოფენა "მემკვიდრეობა" გაიხსნება.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო მასებთან დიალოგის დაწყებას და ისტორიული, სოციალური თუ კულტურული სტრუქტურების მნიშვნელობის ხაზგასმას იდენტობის ჩამოყალიბების საკითხში.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სპეციალური სტუმრები. მათ შორის ქრისტიან ტონჰაისერი (ბუენოს აირესი), ლევან მინდიაშვილი (მოღვაწეობს ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში), უტა ბექაია (ნიუ იორკი), ირაკლი ბუგიანი (დუსელდორფი) და ტატო ახალკაციშვილი (თბილისი). ავტორები მიეკუთვნებიან ქართველი ხელოვანების იმ თაობას, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ბოლო წლებში დაიბადნენ და საკუთარ თავზე გამოსცადეს სხვადასხვა სისტემებზე გადასვლის სირთულეები. წარსული გამოცდილება მნიშვნელოვნად აისახება ავტორთა შემოქმედებაზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები. მონაწილე ხელოვანები გამართავენ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებს სადაც იმსჯელებენ მემკვიდრეობის თემის იმ ასპექტებზე, რომლებსაც მათ ნამუშევრებში გაესვა ხაზი.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, TBC Art Area და რუსთავი 2.
გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრის ჩათვლით.