ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, თუ დასავლეთი დროზე არ გამფხიზლდება რუსეთმა შესაძლოა საქართველოში მორიგი აგრესია განახორციელოს.
"რუსეთს საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს არ დაუმთავრებია. კრემლის მიზნებში ქვეყნის სრული ანექსია შედის, რაც, ერთი მხრივ კავკასიის რეგიონში მუდმივად არასტაბილური ვითარება შეინარჩუნოს და მეორე მხრივ, დასავლეთი და ნატო დააფრთხოს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება არ მოხდეს~, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსი ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების მხრიდან ე.წ. "ძირძველი ოსური მიწების" გახსენების საკითხის გაჟღერება ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიზან მიმართულად მოხდა.
~ე.წ. ძირძველ ოსურ მიწებში სეპარატისტები თრუსოს ხეობას და ყაზბეგის რაიონს მოიაზრებენ. ე.წ. პოლიტიკური რუკის შემუშავების საკითხი კი ლარსის გახსნი შემდეგ სპეციალურად გაჟღერდა. რუსეთთან საზღვრის გახსნა პროვოკაციების მოწყობის ალბათობა ზრდის და ოკუპანტებს და სეპარატისტებს თავისუფალი მოქმედების კარგ საშუალებას აძლევს. ამის გათვალისწინებით, თუ დასავლეთი დროზე არ გამოფხიზლდა და კრემლის იმპერიალისტური ზრახვები არ აღკვეთა შესაძლოა ქვეყანაში მეორე რუსული სამხედრო აგრესია მივიღოთ~, - განაცხადა სესიაშვილმა.
ექსპერტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს არასერიოზულად აღიქვამს, როგორც 2008 წლის აგვისტომდე ხდებოდა და თუ საერთაშორისო თანამეგობრობა დროულად არ ჩავაყენეთ საქმის კურსში ამას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.
~თუ დასავლეთმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ გაიაზრა და აგრესიის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო, მაშინ ორი გზა გვრჩება. პირველი - ჩვენი ძალებით შევეცადოთ რუსეთის სამხედრო აგრესიის მოგერიებას, რაც აგრესორის ზეწოლას უფრო გააძლიერებს და მეორე - თავი დავხაროთ და შევეგუოთ ჩვენი სახელმწიფოს ანექსიას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კრემლის გეგმებს არც ქართველი ხალხი და არც ხელისუფლება არასდროს შეეგუება~, - - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები ახალი პოლიტიკური რუკის შექმნისათვის ემზადებიან. ამისათვის ისინი აპირებენ "გაიხსენონ" ძირძველი ოსური მიწების შესახებ, "რომლებიც ამჟამად საქართველოს აქვს მიტაცებული".
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ უკვე შექმნილია ე.წ. დელიმიტაციის კომისიაც. ე.წ. ოსური მხარის ინტერესებს კომისიაში სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი "იცავს". კომისიაში ჩართულია რუსული მხარეც და მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ვადიმ ბროვცევი წარმოადგენს.