ძლიერმა ქარიშხალმა სახურავის გარეშე დევნილთა 27 საცხოვრებელი ობიექტი დატოვა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ზარალი უკვე დათვალა და აღნიშნული ობიექტების გადახურვაც ოპერატიულად დაიწყო. ერთ-ერთი ობიექტის (თბილისი, შატილის #3), ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის გადახურვის პროცესს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრო. როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ ობიექტს 4-5 თვეში ვერავინ იცნობს.
როგორც სახურავის გარეშე დარჩენილმა დევნილებმა კობა სუბელიანთან შეხვედრისას აღნიშნეს, ძალიან შეშინებულები იყვნენ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებს აღნიშნული ობიექტის საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა.
"მიუხედავად უამინდობისა, გადახურვის სამუშაოებს არ ვაჩერებთ. ბრიგადები სხვადასხვა ობიექტებზე დგანან და მუშაობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადახურვის სამუშაოებზე თავად დევნილები დასაქმდნენ. თითო კაცი ოჯახში 400-500 ლარს მაინც შეიტანს. ხარისხიც გარანტირებულია, თავიანთთვის ცუდს ხომ არ გააკეთებენ? აქ აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი 17 წელია ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტს მათ საკუთრებაში გადავცემთ და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც გავუკეთებთ. დაკანონების პროცესი ზაფხულიდან დაიწყება და დაახლოებით 4-5 თვეში ამ ობიექტს ვეღარ იცნობს", _ განაცხადა მინისტრმა.
პარალელურ რეჟიმში დევნილთა იმ ობიექტების გადახურვაც მიმდინარეობს, რომლებიც ქარმა სახურავის გარეშე დატოვა.