ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ მდივანი სტანისლავ ლაკობა თავის გადაყენებას „განუკითხაობას" და „კანონდარღვევას" უწოდებს. მისი თქმით, მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი პასპორტიზაციის საკითხი და ანქვაბის საპირისპირო პოზიციის დაკავება გახდა.
„ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ასეთი განწყობილებები პრეზიდენტს უკვე კარგა ხანია ჰქონდა. როგორც ცნობილია, ჩატარდა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიტანა. მე სიტყვით გამოვდიოდი უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვსაუბრობდი იმაზე, თუ რა სიტუაცია იყო აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ იყო მოსმენები პარლამენტში, იქ გადაწყდა კომისიის შექმნა, რომელმაც ის დაადასტურა, რაზეც მე ადრე ვსაუბრობდი. შემდეგ უკვე პარლამენტმა კომისიის გადაწყვეტილება დაადასტურა.
ანუ, პრეზიდენტის პოზიცია მხარდაჭრილი არ იქნა, იმიტომ, რომ ის პასპორტიზაციას ემხრობოდა სწორედ ამ რაიონებში.
როგორც იცით, ამ ადამიანებს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ. ამ შემთხვევაში ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ჩვენი კანონმდებლობით კი საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის მოქალაქეები ვერ იქნებიან. მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება აფხაზეთის მოქალაქეობა ჰქონდეთ", _ აცხადებს სტანისლავ ლაკობა და აღნიშნავს, რომ
30 აპრილის შემდეგ მას ანქვაბი საერთოდ არ უნახავს.
„ჩვენ ურთიერთობა არ გვქონია იმ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც მისთვის სავარაუდო და სასურველი სცენარით არ წარმართულა.
მას უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. შემდეგ ყველაფერმა ამან პარლამენტში გადაინაცვლა.
არსებითად მე გამათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა -განმარტებს გარეშე და ის რაც მოხდა სავსებით მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს ნამდვილი განუკითხაობაა.
ეს მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ზღვარს მივუახლოვდით. რთულია ამას ავტორიტარიზმიც კი უწოდო. უბრალოდ ადამიანი ამბობს: „სახელმწიფო ვარ მე" და არც ერთ კანონს არ ითვალისწინებს. მას კანონზე მაღლა მიაჩნია თავი. ის არღვევდა ყველა კანონსა და კონსტიტუციას", _ აცხადებს სტანისლავ ლაკობა.