დღეს, 8 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაეროს ქალთა ფონდი გამართავს პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში - "SHIELD" პრეზენტაციას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროგრამის ორგანიზატორებამა აცნობეს პრეზენტაციას დაესწრებიან რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილი, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი გენდერულ საკითხებში.
როგორც ცნობილია, პროექტი "შHიEლდ"-ი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტურად აღასრულონ 2006 წლის საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ და 2009-2010 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
გარდა ამისა, პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის პერიოდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება; როგორიცაა თავშესაფრები, ცხელი ხაზი და იურიდიული დახმარება. ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის რეფერალურ მექანიზმში მონაწილე პროფესიონალების უნარ-ჩვევების გაძლიერებას.