ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქების დროს დაღუპულები დღეს დაკრძალეს.
დაღუპული მაღაროელების მიზდონ ონიანის, გიორგი ბრეგაძის, მურმან კუბლაშვილის და ჯუმბერ ჯიშიაშვილის დაკრძალვამდე ~საქნახშირის" შენობასთან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. დაკრძალვაზე იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ადგილობრივი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაკრძალვის ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ გაიღო. ასევე, დაღუპულთა ოჯახები სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციას მიიღებენ.
ტყიბულის მაღაროში აფეთქება 3 მარტს, დაახლოებით, 05.00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპნიაა. ტრაგიკული შემთხვევის გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში 4 მარტს გლოვის დღე იყო გამოცხადებული.