ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ქარიშხლისგან დაზიანებული დევნილთა საცხოვრებლის გადახურვის პროცესი დაათვალიერა. გლდანის მე-7 მკ.რ-ში, ყოფილ 127-ე საბავშვო ბაღში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ქარიშხალმა სახურავის გარეშე დატოვა. ეს ერთ-ერთია დევნილთა იმ 27 ობიექტიდან, რომლის გადახურვაც სამინისტრომ დაიწყო.
როგორც დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან საუბრისას აღნიშნეს, 17 წლია, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ და ადრე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მათ მინისტრს ოპერატიულად დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
"სტიქიამ და ქარიშხალმა საშინელ პირობებში ჩაგვაგდო. კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და ჭერის გარეშე დავრჩით. რომ ეწვიმა, ყველაფერს გაგვინადგურებდა. დახმარებისთვის ბატონ კობა სუბელიანს მივმართეთ. ოპერატიულად მოვიდნენ და აგერ ხედავთ, რასაც აკეთებენ. რაც მთავარი პრობლემა გაქვს, გვარდება. მადლობის მეტი რა გვეთქმის. Gგადახურვას რომ მორჩებიან, კიდევ ერთი თხოვნა გვექნება, იქნებ აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადმოგვცენ," - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ჯულიეტა კოპალიანმა.
მინისტრის თქმით, დაზიანებული ობიექტების ხარჯთაღრიცხვა დასრულებულია და გადახურვა 2 კვირაში დასრულდება: "ქარიშხალმა აღნიშნულ ობიექტს 2300 კვ.მ. საკურავი მთლიანად გადახადა და გვერდით გადააგდო. სულ ასეთი 27 ობიექტი გვაქვს. მათი აღდგენა დაწყებულია. მაქსიმუმ 1 თვეში ყველა ობიექტს გადავხურავთ. ხარჯთაღრიცხვა დამთავრებულია და სამუშაოებისთვის თანხები ოპერატიულად გამოიყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადახურვის პროცესში თავად აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები დევნილები დასაქმდნენ."
დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ფართების დაკანონება სთხოვეს. კობა სუბელიანი მათ აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდა.