საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს იმედი აქვს, რომ ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პირის სტატუსით უხელმძღვანელებს.
ფანჯიკიძის თქმით, სამუშაო დონეზე უკვე შედგენილია იმ პირთა სია, ვინც ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციაში იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერ-ჯერობით მონაცემები ზუსტდება და შესაძლოა, რაიმე ცვლილებებიც მოხდეს.
"არის ასეთი ფორმულა - სახელმწიფოს მეთაური, პლიუს ორი ადამიანი და შემდეგ 5 კაციანი დელეგაცია. ეს არის ის რაოდენობა, რაც არის მიწვეული ოფიციალურად. გარდა ამისა, რასაკვირველია თანამშრომლები და პრესის წარმომადგენლებიც შეიძლება წავიდნენ ვილნიუსში, მაგრამ ოფიციალური მოწვევა გულისხმობს სწორედ ამ 8 კაციან დელეგაციას. ჩვენ დელეგაციის შემადგენლობა დონეზე სამუშაო დონეზე გადაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ საქართველოს მხრიდან მთავარი პირი ვინ იქნება, ეს ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის,"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოწვევა მოსულია საქართველოს როგორც სახელმწიფოს სახელზე და არა - კოკრეტულად რომელიმე პირის სახელზე.
"მაგრამ მე დარმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტური საჭირო არ იქნება და პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს,"- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენენ, ხოლო უკრაინა კი, აღნშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ელოდება.