ვლადისლავ არძინბას ცხედარი მოსკოვიდან სოხუმში თვითმფრინავით გადაასვენეს. სოხუმის აეროპორტში ჩამოსვენებულ არძინბას დახვდნენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში და მისივე ე.წ. მთავრობის ოფიციალური პირები.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ვლადისლავ არძინბას 9 მარტს მშობლიურ სოფელ ქვემო ეშერაში დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვილი სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ფილარმონიის შენობაში 8-9 მარტს გაიმართება. არძინბას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აფხაზეთში გლოვაა გამოცხადებული.
ვლადისლავ არძინბას ქვრივის განცხადებით, მან ანდერძად დაიბარა, რომ იგი მდინარე გუმისთის ნაპირზე დაემარხათ, იქ სადაც 1992 - 1993 წლებში ფრონტის ხაზი გადიოდა.
"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მან შეადგინა ანდერძი, სადაც ითხოვს დაკრძალონ მშობლიურ სოფელში ქვემო ეშერაში, რომელიც მდინარე გუმისთასთან ახლოს მდებარეობს, ანუ იქ სადაც ქართულ -აფხაზური ომის დროს ფრონტის ხაზი გადიოდა და ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ", _ განაცხადა არძინბას ქვრივმა.