კვირას, 25 ოქტომბერს - 11:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე ბაზიერთა შეჯიბრი მოეწყობა, 12:00 საათზე ვაკის პარკში არტ-გენი _ თბილისობა ჩატარდება, 12:00-დან 18:00 საათამდე აბანოთუბანში ფოლკლორული და ეროვნული უმცირესობების ჯგუფების კონცერტი და სხვადასხვა სანახაობები მუშტაიდის ბაღში კი სოციალური ორგანიზაციების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართება.
13:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა უბნებში ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა კონცერტები მოეწყობა. 14:00 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში თბილისობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გაიმართება. 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი, ამავე დროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სიმპოზიუმი - "ქართული ხელნაწერი" - დაიხურება. 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "ევროვიზიის " - მონაწილეთა კონცერტი და ილუზიონისტის შოუ, 18:00 საათზე "შერატონ მეტეხი პალასში"
არქიტექტურული პრემიის გადაცემის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
გარდა ამისა, კვირას 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისობის 30-ე წლისთავი ელისო ვირსალაძის კონცერტით აღინიშნება, 20:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" თბილისის მოდის კვირეული, ხოლო 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალა-კონცერტი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაული წელს 30-ედ აღინიშნება.