კოალიცია "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ ჩხეიძეს მცოცავი ოკუპაციის თაობაზე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით, საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავთ შეცდომაში.
დეპუტატის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველომ დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობაში ჯამში 148 650 ჰექტარი მიწა დაკარგა, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების შედეგად კი, 55 ჰექტარი.
"შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზურაბ ჩხეიძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო მავთულხლართების შედეგად მიტაცებულია 400 ჰექტარი. ჩვენ დეტალურად გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, შემიძლია ამ ინფორმაციის მოწოდება სოფლების მიხედვითაც, მაგრამ ჯამში, გორის რაიონში დღესდღეობით 55 ჰექტარი მიწის ფართობია მოქცეული მავთულხლართებს მიღმა. ყველა შემოსასვლელი და გასასვლელი კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ და ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნციპალიტეტების რწმუნებულები,"- განაცხადა სოსო ვახტანგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველომ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწები დაკარგა, ვიდრე 2008 წლის ომის შედეგად.