რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ქართული ღვინის 28 სახეობაზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რაიმე უჩვეულოს არ შეიცავს, რადგან ამის თაობაზე განცხადებები ადრეც გაკეთებულა.
როგორც აბაშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე რუსულ ბაზარზე 30 ქართული კომპანია აწარმოებს თავისი პროდუქციის ექსპორტს და დაახლოებით, 600 დასახელების პროდუქტი იყიდება, ამიტომ "როსპოდნებნადზორის" ბოლო განცხადება ექსპორტის შეფერხების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე - ამ ეტაპზე შეჯერებული ინფორმაციები ხომ არ ბადებს იმის ეჭვს, რომ შესაძლოა, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწესებული შეზღუდვები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, აბაშიძე განმარტავს, რომ "ამის შეფასება ექსპერტების საქმეა და ადრე, როდესაც ექსპერტი იყო, მაშინ ალბათ უფრო ბევრ რამეს იტყოდა".
"ახლა ამ განცხადებასთან დაკავშირებით ასეთია ჩვენი ხედვა. მე დავუკავშირდი ღვინის ეროვნულ სააგენტოს, მათ ასეთი ინფორმაცია მომცეს, რომ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული, არსებითი ამ განცხადებაში ვერაფერი ნახეს და ამოიკითხეს იმიტომ, რომ აქამდე მათ იცოდნენ რასაც ახლა ბატონი ონიშჩენკო ამბობს, რომ 7 კომპანიის 28 პროდუქტზე არ გაიცა სახელმწიფო რეგისტრაციაო. მათ კარგა ხანია ამის შესახებ იცოდნენ. ასე რომ, ახალი ამ თვალსაზრისით ამ შემთხვევაში არაფერია. ზოგადად, რუსულ ბაზარზე 30 ქართული კომპანია აწარმოებს თავისი პროდუქციის ექსპორტს და სადღაც, 600 დასახელების პროდუქტია შესული რუსეთში. განსაკუთრებული, არსებითი სიახლე ექსპორტთან დაკავშირებით ამ განცხადებაში არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, მე ვამბობ, რომ "როსპოდნებნადზორი" თავისი პროფილით არ არის ის ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ პოლიტიკური დისკუსიები უნდა ვაწარმოოთ,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება აღნიშნული გადაწყვეტილების შესაძლო პოლიტიკურ დატვირთვას, აბაშიძის თქმით, "თუ ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართ სუბიექტური პოლიტიკური პრობლემები შეიქმნება, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხის განსახილველად შესაბამისი არხები აქვს".
"გვაქვს პირდაპირი დიალოგის ფორმატი რუსეთთან და არსებობს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელში გაწევრიანებაშიც სხვათა შორის, რუსეთს ჩვენ დავეხმარეთ. ასე რომ, ასე ვხედავთ ჩვენ ამ ამბავს და არ გვინდა რომ ამ პროცესში ზედმეტი ალიაქოთი შევიტანოთ. თუ რაღაც სუბიექტური პოლიტიკური ნიშნებით მოხდა ჩვენი მწარმოებლების უფლებების დარღვევა, ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია,"- აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარიხისადმი რუსეთის ფედერაციის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გენადი ონიშჩენკოს ცვალებად პოცზიციასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ონიშჩენკოს ხშირად უყვარს განცხადებების გაკეთება და ცოტა უჭირს მის ყოველ განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს".
"ხან მოსწონს ქართული ღვინო, ხან არ მოსწონს. აგერ, ერთი თვის წინ ამბობდა ძალიან კარგია ეს ღვინო, მომწონსო. ახლა რაღაც არ მოეწონა, ამიტომ "როსპოდნებნადზორთან" ამ პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლა არ არის სწორი,"- დასძინა ზურაბ აბაშიძემ.