9-10 ოქტომბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტი.
10 ოქტომბერს მინისტრი შეხვდება ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერის. ასევე დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა ეუთოს მუდმივ საბჭოს სხდომაზე. ეუთოს საბჭოს წევრებს, ელჩებს, ეუთოს გენერალურ მდივანს მინისტრი დეტალურად აცნობებს ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს.
,,ეუთო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. როდესაც მავთულხლართების დამონტაჟების პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო, საქართველო მუდმივად აწვდიდა ეუთოს საბჭოს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების თაობაზე. ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ეუთოს მხრიდან და ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა, როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ასევე, აშშ-ის მხრიდან. ივნისში მე პირადად გახლდით უსაფრთხოების ყოველწლიური მიმოხილვის კონფერენციაზე. მაშინაც, ჩვენი მხრიდან, აღნიშნული კონფერენცია გამოყენებული იყო ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმები იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული ოკუპირებულ რეგიონებში, იგივე მავთულხლართების დამონტაჟების პროცესის შესაჩერებლად და პრევენციისთვის", _განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მისივე განცხადებით, ავსტრიაში ვიზიტის დროს, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან.
როგორც ზალკალიანმა განმარტა საქართველო წელს პირველად საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ვენის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაში. საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში 9 ოქტომბერს ამ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ხოლო, 11 ოქტომბერს, ქართულ პავილიონს გახსნის ფედერალურ პრეზიდენტთან ერთად და მოხდება ამ პავილიონის ავსტრიულ მხარესთან ერათად დათვალიერება.