კომპანია „ასკანელი ძმების" პროდუქცია რუსეთის ბაზარზე უკვე სამი თვეა წარმატებით და შეუფერხებლად იგზავნება. ივნისის შემდეგ კომპანიამ რუსეთის ფედერაციაში 650 000 ბოთლზე მეტი ღვინო გაიტანა. ამის გარდა, მოხდა კომპანია „ასკანელი ძმების" კონიაკის ნიმუშების სერთიფიცირებაც. კონიაკები „ასკანელი" და „გიდელი" ექსპორტზე გასატანად უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში მოხდება მათი რუსეთის ფედერაციაში გაგზავნა. ამის შესახებ ნაქთქვამია „ასკანელი ძმების" მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზში.
როგორც "ასკანელი ძმების" დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელი აცხადებს, რუსეთის ბაზარზე ამ დროისთვის „ასკანელი ძმების" ცხრა დასახელების ღვინო გადის. „ქინძმარაული", „წინანდალი", „ალაზნის ველი - წითელი", „ალაზნის ველი-თეთრი", „ხვანჭკარა", „საფერავი", „მუკუზანი", „ახაშენი" და „ოჯალეში" - ეს იმ ღვინის სახეობებია, რომელის რეალიზებასაც რუსეთის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი" ფედერაციის მთელი მასშტაბით ახორციელებს. ასევე ასკანელი ძმების პროდუქციის დისტრიბუცია რუსეთში ისეთ დიდ ქსელბში და ჰიპერმარკეტებში ხორციელდება როგორებიცაა „X 5", „კოპეიკა", „პერეკრესტოკი", „კარუსელი" და სხვა.
კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთის სამომხმარებლო უფლებათა დაცვის ფედერალურმა სამსახურმა (როსპოტრებნადზორი), კომპანია „ასკანელი ძმების" პროდუქცია დაბლოკა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სახეზეა რიგითი გაუგებრობა, ვინაიდან კომპანიის ღვინო უკვე სამ თვეზე მეტია იგზავნება რუსეთის ფედერაციაში და ამ დრომდე არც პარტნიორი კომპანიებისგან და არც ფედერალური სამსახურისგან ჩვენს პროდუქციას არავითარი პრობლემა არ შექმნია. ჩვენმა კომპანიამ უკვე მიმართა ონიშენკოს უწყების წარმომადგენლებს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ კომპანიასთან არავითარი შენიშვნა არ აქვთ" - განაცხადა „ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია დინამიურად ვითარდება, შენდება ახალი საწარმო, რომელიც აღჭურვილი იქნება იტალიური ტექნიკა-დანადგარებით. გაორმაგებული სიმძლავრის მქონე ქარხნის მშენებლობა ISO სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და 6 თვეში დასრულდება.
კომპანია „ასკანელი ძმები" 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. „ასკანელი ძმების პროდუქცია" აღიარებულია საუკეთესოდ და მინიჭებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო, სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე. „ასკანელი ძმების" მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.