თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარის დავით ჯინჭარაძის განცხადებით, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილი საკრებულოს დეპუტატების და მოწვეული სტუმრების ოფიციალურ ვახშამზე მიწვევას ითვალისწინებდა და აღნიშნული ღონიძიებისთვის საჭირო თანხები საკრებულოს წარმომადგენობითი ხარჯებით იქნა დაფარული.
როგორც ჯინჭარაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, მსგავსი ტიპის ოფიციალური ვახშამი დედაქალაქის მერიამაც გამართა და აღნიშნული სახის ღონისძიებებზე ბიუჯეტის თანხის დახარჯვა კანონდარღვევა არ არის.
"თბილისობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართა თბილისში და მათ შორის ერთ ერთი იყო დახურვის ღონისძიება, ოფიციალური ვახშამი, სადაც მოწვეული იყვნენ როგორც უცხოელი სტუმრები, ასევე თბილისის საპატიო მოალაქეები, ვახშამი გაიმართა რესტორან "წისქვილში". ეს თანხები გათვალსიწინებულია ბიუჯეტში, ამას ჰქვია წარმომადგენლობითი ხარჯები და საკრებულოს სამართლებრივად უფლება აქვს, რომ ოფიციალური ვახშამი გამართოს. ანალოგიური ვახშამი იყო გამართული მთაწმინდაზე ქალაქ თბილისის მერიის მიერ და ასე რომ, სამართლებრივად თბილისის მერიას და საკრებულოს თავის ბიუჯეტში აქვს წარმომადგენლობითი ხარჯები, რათა ოფიციალური ვახშამი გაიმართოს. მუხლია ერთ-ერთი, ამ მუხლს ჰქვია წარმომადგენლობითი ხარჯები და ამ მუხლიდან შესაძლებელია აღნიშნული ხარჯების გაწევა. ძირითადად წარმომადგენლობითი ხარჯები თბილისობის დღესასწაულზე იხარჯება, როდესაც არის ოფიციალური ვახშამი და პირდაპირ თბილისის საკრებულოში ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან კოლეგები, არის ოფიცილაური შეხვედრები, ასეთ შემთხვევებში შეიძლება გაიმართოს ოფიციალური ვახშამი,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დავით ჯინჭარაძემ.
ამასთან, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ ოფიციალურ ვახშამზე დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს აბსოლუტურად ყველა დეპუტატი იყო მიწვეული, თუმცა უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატები რესტორანში არ მისულან.
ცნობისთვის, რესტორან "წისქვილში" გამართული სუფრისთვის თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან 8 000 ლარამდე თანხა გადაირიცხა.