საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარეობა მიულოცა.
ამასთან, მინისტრმა წარმატებები უსურვა "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალურ დირექტორ გოჩა მირცხულავას, რომელიც აღნიშნული ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.
შს მინისტრის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მას მიესალმება.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს", - განაცხადა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 მარტს, შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსმა ერთი წლის ვადით პრეზიდენტად საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა აირჩია. ალიანსის თავმჯდომარეობა საქართველომ, კერძოდ "საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა", გადმოიბარა. ალიანსი 14 ქვეყნის ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოს აერთიანებს.
გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, ალიანსის ექს-პრეზიდენტმა, ბულგარეთის ნაციონალური სააგენტოს BTA-ის გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მინჩევმა განაცხდა, იგი იმედს იტოვებს, რომ ახალი ხელმძღვანელი ასოციაციის საქამიანობაში ახალ ინიციატივებს შეიტანს.
მირცხულავამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ნდობისათვის და აღნიშნა, რომ ეს აღიარება და თანადგომა უპირველესად საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის, მიმდინარე რეფორმების გააქტიურებისა და ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს შორის ურთიერთობების გამტკიცებისკენ იქნება მიმართული.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკრმა გიგი წერეთელმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის არაწევრი ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.