საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი სამგორის მოსახლეობას შეხვდა.
დემოკრატიული მოძრაობის პრესამსახურის ინფორმაცით, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ შეხვედრებს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა ესწრება და ისინი იმედის თვალით უყურებენ 27 ოქტომბერს მის პრეზიდენტად არჩევას:
„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც მათ აწუხებთ აუცილებლად მოგვარდება ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს არის უპირველეს ყოვლისა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მავთულხლართები აღარ იყოს და ჩვენს გულზე და ჩვენს მიწაზე საზღვრები არ გადიოდეს, ის საზღვრები რომელიც უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვპირდები ადამიანებს, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება! სამართლიანობა აღდგება ყველგან და ყველასთვის და არიქნება გამონაკლისი არავისათვის. მე ვპირდები ადამიანებს იმას, რომ წარვმართავ ისეთ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას და მოსახლეობის პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას. მე ვხედავ რომ ადამიანებს სჯერათ ამ სიტყვების, ისინი ხედავენ, რომ მე მაქვს ძალა, უნარი და კომპეტენცია ამ დაპირებების შესრულებისა. მე დარწმუნებული ვარ მათი მხარდაჭერით გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებ. ეს გამარჯვება არ იქნება ჩემი, ან მარტო ჩემი მომხრეების გამარჯვება, მე ვპირდები ქვეყანას რომ ჩემი გამარჯვება ყველას გამარჯვება და ქვეყნის გამარჯვება იქნება!"