საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის და იმპორტირებული ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, ამოქმედების შემთხვევაში ბაზარზე დღეს არსებულ თამბაქოს ფასზე გავლენას არ მოახდენს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ნორმა დღესაც მოქმედებს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ დღეს მოქმედი კანონის 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
"ფასზე გავლენას არ მოახდენს, იმიტომ, რომ აქამდეც ეს მექანიზმი მუშაობდა, უბრალოდ ხდება კიდევ ერთი წლით ვადის გახანგრძლივება და სწორედ ამ ინიციატივით შემოვდივართ. ფასი როგორიც იყო ისეთი დარჩება. ეს ნორმა ახლაც მოქმედებს, უბრალოდ ვადა ეწურება და ჩვენი ინიციატივა იმას ეხება, რომ ეს ვადა გაუგრძელდეს 1 წლით,"- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
რაც შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის საფუძვლებს, ტყემალაძის თქმით, როდესაც ადგილზე ნედლეულის დეფიციტია, მისი შემოტანა არ უნდა იბეგრებოდეს.
"მთელი მზა პროდუქცია, რომელიც საქართველოში შემოდის, ამის 90% გათავისუფლებულია გადასახადისაგან იმიტომ, რომ პირდაპირი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და აქედან გამომდინარე, არ იბეგრება დაბეგვრის გადასახადით. გამონაკლისია მხოლოდ ორი ქვეყანა - საფრანგეთი და ბულგარეთი და არ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ორი ქვეყანა უნდა იყოს, იმიტომ, რომ სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, ყველა მეწარმე ერთნაირ პირობებში უნდა იყოს ჩაყენებული, იმპორტიორი იქნება ეს თუ ექსპორტიორი,"- აღნიშნა ტყემალაძემ.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარადგინა, რომელიც იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.