10-13 ოქტომბრამდე, ვენის ხელოვნების ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრად, პოლონეთთან ერთად, წარდგება. გამოფენის ამ ნაწილს ჰქვია „დუეტი", სადაც თითოეული ქვეყანა წარმოადგენს სხვადასხვა თაობის, თანამედროვე ხელოვნების სფეროს მოღვაწეებს. საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობას ის არტისტებიც მიიღებენ, რომლებიც ამჟამად ვენაში ცხოვრობენ და საქმიანობენ. გამოფენას საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრები დაესწრებიან.
გამოფენის მონაწილეები არიან მარიკა ასათიანი, ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, გიორგი ხანიაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, გიორგი ოქროპირიძე, გია რიგვავა, თამუნა სირბილაძე, თათია სხირტლაძე; კურატორები კი კრისტინა შტაინბრეხერ პფანდი და ირინა პოპიაშვილი.
ვენაში ქართული გამოფენა "ჩვენი კავკასიონი" თავისი კონცეფციით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმს „ნატვრის ხეს" ეხმაურება. გამოფენა მოიცავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრებს, რომლებიც განსხვავებულ მედიაში მუშაობენ - თუმცა როგორც „ნატვრის ხის" პერსონაჟებს, მათაც ერთი საერთო აქვთ, ისინი ყველანი ერთ „სოფელში" ცხოვრობენ.
VIENNAFAIR - ავსტრიის უდიდესი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დაარსდა 2005 წელს და ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ბაზრობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების პავილიონებსა და გამოფენებს, დისკუსიებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ, გალერისტების და კოლექციონერების შეხედულებების გაზიარებას თანამედროვე ხელოვნების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები