მსოფლიო ბანკმა ახალი პროგრამის განხორციიელბა დაიწყო, რომლის მიზანიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესებაა. როგორც მსოფლიო ბანკში განმარტავენ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ისევე როგორც ევროკავშირის, სხვა ევროპული ქვეყნების და საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლები ვენაში აღნიშნული პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეიკრიბნენ.
ახალი პროგრამის - „აუდიტის და ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამა" (STAREP) მონაწილე ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ მაკდონომ ხაზი გაუსვა კორპორატიული სექტორის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესების გაგრძელების აუცილებლობას, რადგან ეს ინვესტიციების ჩადებას უწყობს ხელს. გარდა ამისა მან ხაზი გაუსვა აუდიტის რეგულირების მზარდ მნიშვნელობას და ინტეგრირებული ანგარიშგების როლს.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰენრი ქერალის განმარტებით, ბუღალტერიის და აუდიტის გამართულმა სისტემებმა გამჭირვალეობის ზრდას და შესაბამისად კორუფციის შემცირებასაც შეუწყვეს ხელი.
STAREP-ი, რომელიც საწყის ეტაპზე ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ ფინანსდება, მონაწილე ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუღალტრო და აუდიტის ეფექტური და მდგრადი ჩარჩოების შექმნაში გაუწევს დახმარებას, აღნიშნული ჩარჩოები ევროკავშირის კანონების და რეგულაციების სისტემის ანუ ე.წ. acquis communautaire-ის მოთხოვნებსაც გაითვალისწინებენ.
„STAREP-ი დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოში მიმდინარე კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების რეფორმებს. ეს რეგიონული პროგრამაა, რომელშიც ექვსი ქვეყანა მონაწილეობს და ამ მხრივ ის კარგი პლატფორმა იქნება ერთმანეთის გამოცდილების და მიღწევების გაზიარების კუთხით."- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.
STAREP-ის მართვას ვენაში მდებარე ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) განახორციელებს, ეს მსოფლიო ბანკის სტრუქტურაში შემავალი ცენტრია, რომელიც ფინანსური ანგარიშგების რეფორმების განხორციელების პროცესში ცოდნის და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას ახდენს. ახალი პროგრამა CFRR-ის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში განხორციელებულ წარმატებულ პროექტზეა დაფუძნებული, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან, აღნიშნული პროგრამის სახელწოდებაა ევროპისკენ მიმავალი გზის პროგრამა ბუღალტერიის რეფორმირების და ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის (REPARIS).
STAREP-ი ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს იმგვარი ინსტიტუტების მშენებლობას, რომლებიც ახალი საკანონმდებლო ბაზის ეფექტურად განხორციელებისთვის არის საჭირო, როგორც თავად საბუღალტრო და სააუდიტო კანონმდებლობის შინაარსს. პროფესიონალური საბუღალტრო და აუდიტის ორგანოების მიერ მონაცემების პროფესიონალურად აღრიცხვის სტანდარტების და დისციპლინის დანერგვის და ასევე საუნივერსიტეტო და სხვა სფეროებში პროფესიონალური განათლების სისტემების მოდერნიზაციის კუთხით საკუთარი როლის შესრულებაში დახმარების გაწევა ახალი პროგრამის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. პროგრამა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, რომლებსაც ჰქონდათ ან ამჟამად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე საბუღალტრო და აუდიტის რეფორმების განხორციელებისას.