აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 28 %-ითაა გაზრდილი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 6 თვეში აჭარაში შესული ინვესტიციების მოცულობამ 81,5 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რეგიონში 63,8 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ინვესტორებისთვის აჭარაში ყველაზე მიმზიდველი სფერო ტურიზმია, სადაც 6 თვეში 37,3 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ტურიზმთან ერთად, ინვესტორები აჭარაში ფულს მშენებლობის სექტორშიც აბანდებენ. 2013 წლის იანვარ-ივნისში აჭარაში მშენებლობის სექტორში 33,5 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. საკმაოდ მწირი ინვესტიციაა განხორციელებული მრეწველობაში (1,3 მლნ დოლარი) და სოფლის მეურნეობაში (0,4 მლნ დოლარი). რაც შეეხება ეკონომიკის სხვა დარგებს, აჭარაში ამ მიმართულებით 6 თვეში მხოლოდ 9 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა აღნიშნოს, რომ 2013 წლის 6 თვეში, 2012 წლის 6 თვესთან შედარებით სხვა დარგებში ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია, რადგანაც 2012 წლის იანვარ-ივნისში სხვა დარგებში 0,6 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. თუმცა სანაცვლოდ წელს შემცირებულია ინვესტიციების სოფლის მეურნეობის დარგში, რადგანაც გასულ წელს სოფლის მეურნეობაში 1,6 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.