ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიიდან ტურისტების მოზიდვის მიმართულებით აქტიურდება და ხვალიდან ადმინისტრაციაში სპეციალური განყოფილება ამოქმედდება, რომელიც აზიის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე იმუშავებს.
„ხვალიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედდება სპეციალური განყოფილება, რომელიც დაფარავს აზიის ქვეყნებს, ეს იქნება იაპონია, კორეა და ჩინეთი. ძალიან მზარდია მოთხოვნა ამ ბაზრებიდან ტურისტულ მიმართულებაზე და ამიტომ მიგვაჩნია, რომ უფრო აქტიური მარკეტინგული სვლები უნდა განვახორციელოთ"- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.
სიგუას განმარტებით, ამ დროისათვის ადმინისტრაციაში ანალოგიური განყოფილებები, სხვა ტურისტულ მიმართულებებზე, არ ფუნქციონირებს, თუმც 2014 წლიდან ადმინისტრაციაში საშტატო ერთეული იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს მიზნობრივ ბაზრებზე უფრო მეტი აქტიურობით იმუშაოს.
„სხვა მიმართულებებზე ასე გამოყოფილი განყოფილებები არ გვაქვს, თუმცა 2014 წლის 1-ელი იანვრიდან, როდესაც ჩვენი ახალი სტრუქტურა შევა ძალაში და იქნება გაზრდილი ბიუჯეტი, შეიქმნება მიმართულებები, რომლებიც იმუშავებენ აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს ქვეყნების და ახლო მეზობელი ქვეყნების მიმართულებით"- აცხადებს სიგუა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აზიიდან განსაკუთრებულ აქცენტს მაინც იაპონელ ტურისტებზე აკეთებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას ანიჭებენ უპირატესობას.
„იმის გამო, რომ იაპონია არის საქართველოდან შორის, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხებთან. იაპონელ ტურისტებს უყვართ რამდენიმე ქვეყნის მონახულება ერთხჯერზე, ანუ ჩამოდიან და რამდენიმე ქვეყანას ერთდროულად ნახულობენ. ამ დროისათვის, არ არის პირდაპირი რეისი ტოკიოდან თბილისში, მაგრამ არის პირდაპირი რეისი სტამბულში. ამიტომ შეიძლება იაპონელი ტურისტი ჩავიდეს სტამბულში, 2-3 დღე დაყოს თურქეთში, შემდგომ გადმოვიდეს საქართველოში, საქართველოდან აზერბაიჯანში და ბაქოდან დოჰას გავლით გაფრინდეს ტოკიოში"- აცხადებს გიორგი სიგუა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ საქართველოში იაპონელი ტურისტების რაოდენობა 4 ათასიდან, მალე 15 ათასამდე გაიზრდება.