სამომავლოდ „ვისოლი ჯგუფი" თანაინვესტირებოს ფონდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც „ვისოლი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე განმარტავს, თანაინვესტირების ფონდის საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეუწყობს ხელს.
„როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი მოხარული ვარ, რომ საკმაოდ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. 6 მლრდ აშშ დოლარი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი თანხაა, განსაკუთრებით პირდაპირი ინვესტრიციების სახით. ფონდის ეფექტური ფუნქციონირების შემთხვევაში ფონდის საქმიანობის გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ და ეს გავლება აისახება თითოეულ ბიზნესზე, რომელიც საქართველოშია.
რა საკვირველია ჩვენი ჯგუფიც ითანამშრომლებს ამ ჯგუფთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მსხვილი კაპიტალის ფონდის ფუნქციონირება ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს"- აცხადებს სოსო ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი - 6 მლრდ დოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას - ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ
ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს