30 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო დღეების დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე ანზორ ხიდაშელი შეასრულებს ჰამლეტის პირველ მონოლოგს ოპერიდან "ჰამლეტი" (მსოფლიო პრემიერა), შემდეგ შესრულდება "ფრესკა" ბალეტიდან "ვეფხისტყაოსანი", ლადო ათანელი კი იმღერებს ხუთ მონოლოგს ვაჟა-ფშაველას ლექსებზე. კონცერტის მეორე განყოფილება მთლიანად დაეთმობა მაჭავარიანის მე-5 სიმფონიას "უშბა".
კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ქართველი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი დაიბადა 1913 წელს. მას შექმნილი აქვს საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, "ბრაიდენზის" ოქროს მედლით "ოტელოს" მუსიკისათვის-1974 წელს, პიკასოს სახელობის პრემიით "ვეფხისტყაოსნის დადგმისათვის (აშშ, 1988წ). ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა 1995 წელს დაკრძალულია თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები