ხვალ სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ქართული მხატვრული ფილმის "ხატის" პრემიერა გაიმართება.
ფილმს საფუძვლად უდევს ორი ნოველა: „მოსკოვი-თბილისი" (სცენარისტი: ზაზა მერაბიშვილი) და „წმინდა გიორგის ძიება" (სცენარისტი: ჯაბა რუაძე)
ფილმის კურატორი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძეა. მონაწილეობენ მსახიობები - ეკატერინე რედნიკოვა, ბორის შერვაკოვი, ნატო გაგნიძე, ანატოლი პაშინინი, ანდრეი პანინი, ლევან ხურცია, ნიკოლოზ ჩხიკვაძე.
ახალი ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და მას ერთი მხატვრული დეტალი - წმინდა გიორგის ხატი აერთიანებს. წმინდა გიორგის ხატი ფილმის მთავარ გმირებთან ერთად მოგზაურობს საქართველოდან რუსეთში და პირიქით. ხატს ფილმში სიმბოლური დატვირთვა აქვს - ეს არის მართლმადიდებელი რუსი და ქართველი ხალხის ერთმორწმუნეობა. ფილმის პირველი ნაწილი მოგვითხრობს ორი მთავარი გმირი ქალის ქართულ-რუსულ მეგობრობაზე. სიუჯეტის მიხედვით, 35 წლის მარტოხლა ქართველი დედა, სახელად ლალი, რომელიც ზრდის 5 წლის ვაჟს, გიორგის, შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო უწევს სამკურნალოდ მოსკოვში წასვლა. ლალი მოსკოვში ხვდება ბავშვობის მეგობარ ნინას, რომელთან ერთადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში პიონერთა ბანაკში ისვენებდა.
ფილმის მეორე ნაწილში, ქართველი მღვდელი მიდის მოსკოვში, რათა მოძებნოს და სამშობლოში დააბრუნოს წმინდა გიორგის ხატი, რომლის მიზეზითაც, ბოლშევიკების პერიოდში, არაერთი სასულიერო პირი იქნა დახვრეტილი.
როგორც ფილმის რეჟისორები აღნიშნავენ, „ფილმში არც პოლიტიკაა და არც ომი, არამედ ფილმი რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე, მათ კეთილშობილებასა და მადლიერებაზე მოგვითხრობს".
„ძალიან მესიამოვნა, ამ ფილმში მონაწილეობის შესახებ წინანდადება რომ მივიღე და დაუფიქრებლად დავთანხმდი. ქართველ კოლეგებთან მუშაობა მეტად საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ხელს შეუწყობს ქართველი და რუსი ხალხის დაახლოებას", - აცხადებს თავის მხრივ, მსახიობი ეკატერინა ვრედნიკოვა.
„ხატი" გადაღებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ფილმის პროდიუსერი და იდეის ავტორი, "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი რუსეთში მიხეილ ხუბუტიაა.
ფილმის პრემიერა სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 19:00 საათზე გაიმართება და მას როგორც მთავრობის ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები დაესწრებიან.