"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო" მოქალაქე გენო ცაავას პასუხობს, რომელიც სს „ქართული ფილმის" აქციათა ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციას ხელმძღვანელობს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების, მათ შორის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხები განეკუთვნება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" (შემდგომში - სააგენტო) კომპეტენციას. სააგენტო იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ ყველა უფლებასა და კონტროლის განხორციელების მექანიზმს იმისათვის, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოები თავიანთ საქმიანობას წარმართავდნენ მართლზომიერად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი აქციების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კინოს განვითარების ცენტრი" და არა სახელმწიფო უშუალოდ.
„თქვენი მომართვების საფუძველზე, სააგენტომ კომპეტენციის ფარგლებში დაიწყო წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სს „ქართული ფილმის" აქციების გაყიდვა განხორციელდა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს" და არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, სააგენტო შესაბამისი კომპეტენციის არქონის გამო მოკლებულია შესაძლებლობას შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენას, რათა შეფასდეს შესყიდვის მართზლომიერების საკითხი. თავის მხრივ, სააგენტო უფლებამოსილების ფარგლებში აღმოუჩენს დახმარებას სამართალდამცავ ორგანოებს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ სს „ქართული ფილმის" აქციების შესყიდვის მართლზომიერების შესწავლის პროცესში. აქვე საგულისხმოა, რომ სააგენტოს ინიციატივით საწარმოში გასული წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესებსა და საქმიანობას სწავლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
სამართდამცავი ორგანოების მიერ დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, და თუკი აღნიშნული დაღვევების საფუძველზე ვერ განხორციელდება შესაბამისი აქტის ბათილობა, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აქციების განკარგვის თაობაზე მიმართოთ აქციების მესაკუთრე კომპანიას - შპს „კინოს განვითარების ცენტრს"- ნათქვამია „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" განცხადებაში.