აჭარის მთავრობამ „აგრო დეკორ სერვისის" ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მასზედ დარიცხული ჯარიმის ნაწილი აპატია. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „აგრო დეკორ სერვისი" ვალდებული იყო 2012 წლის 30 ოქტომბრამდე, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში 0,5 ჰა-ზე სასათბურე მეურნეობა მოეწყო, თუმცა ინვესტორმა ვალდებულება 152 დღის დაგვიანებით შეასრულა, რის გამოც დაჯარიმდა. კომპანიას ჯარიმის სახით, ქონების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის გადახდა დაეკისრა. 152 დღის განმავლობაში კი ჯარიმამ 18 ათას 886 ლარი შეადგინა. მყიდველის მიერ დარიცხული ჯარიმიდან გადახდილია მხოლოდ 1888.60 ლარი.
„აგრო დეკორ სერვისმა" სახელმწიფოს მთლიანი დარიცხული ჯარიმიდან 40%-ის განთავისუფლება და დარჩენილი 60 %-ის, ანუ 9443 ლარის 12 თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკის შედგენა სთხოვა.
თუმცა რამდენიმე დღის უკან, აჭარის მთავრობამ „აგრო დეკორ სერვისი" ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმისგან გაანთავისუფლა, გარდა 11331,6 ლარისა, რომლის გადახდა შესაბამისი შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის უკან, აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით „აგრო დეკორ სერვისს" ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე 176393 კვ/მ და 55041 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „აგრო დეკორ სერვისმა" ვალდებულება აიღო, რომ 2012 წლის 31 მარტამდე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე სათბურის მოწყობას დაიწყებდა, ხოლო 2012 წლის 30 ოქტომბრამდე კი დაასრულებდა. ინვესტორის ვალდებულებას წარმოადგენს ასევე 2014 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 7-ჰა, ღია გრუნტში სასტარტო მცენარეების დარგვა და არანაკლებ 2 ჰა-ზე რულონური გაზონის მოიყვანა. „აგრო დეკორ სერვისი" ვალდებულია ასევე, 2014 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 7 ჰა-ზე კონტეინერული სისტემით სანერგე მეურნეობა მოაწყოს. აჭარის მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ ვალდებულება აიღო ასევე 20 წლის განმავლობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის მხოლოდ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებს.
ხელშეკრულების მიხედვით, „აგრო დეკორ სერვისი" პროექტის განხორციელებისთვის ვალდებულია მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.