ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამოძიების საქმეში პროკურატურა ბრალდების მხარის ერთ-ერთ მოწმესთან ჯოზეფ ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს.
როგორც უგულავამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტელეკომპანია "მედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეში მის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამართული სასამართლო სხდომები მას შემდეგ გახდება საინტერესო, როდესაც სასამართლოს წინაშე მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი გამოცხადდება.
"საქმე იგივეა. ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი დაუმატებიათ. ეს ეხება ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდს, სადაც ასე ვთქვათ, მთავარი ჯოკერი მოწმე საზოგადოებისთის ცნობილი ჯოზეფ ქეია. მე ერთ დეტალს დავამატებ, საერთოდ ეს პროცესი მანამდე არ იქნება საინტერესო და მხოლოდ ასეთი ფორმალური დაკითხვა იქნება სანამ სასამართლოზე ჯოზეფ ქეი არ გამოცხადდება. ბუნებრივია, რომ პროკურატურა ყველანაირად ეცდება სასამარლოზე ქეის გამოცხადება ყველანაირად გაწელოს. მეტსაც გეტყვით, პროკურატურა ამ შემთხვევაში ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე რიყის ტერიტორიის გასვისების საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება.
ცნობისთვის, დედაქალქის მერს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება, რაც სხვისი ქონების მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. საქმეში ასევე "ნაციონალური მოძრაობის" 764 პარტიული აქტივისტის კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით დასაქმებაც ფიგურირებს.