დღეს, 4 მარტს, 11:00 საათზე "შერატონ მეტეხი პალასში" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის (BSANNA) მე-4 გენერალური ასამბლეა და საერთაშორისო კონფერენცია _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა" გაიმართება.
შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის გენერალურ ასამბლეაზე საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას საქართველო, კერძოდ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" გადმოიბარებს.
რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას _ "უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა", რომელიც ასამბლეის ეგიდით იმართება, მასზე ყურადღება გამახვილდება, როგორც გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ასევე, რეგიონალურ პრობლემატიკაზე.
კონფერენციაზე, ერთ -ერთი მთავარი მომხსენებელი ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი იქნება, რომელიც გლობალური პოლიტიკური პროცესების ჭრილში ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.
აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერიკ ფურნიე და რუმინეთის ელჩი დან მიჰაი ბარლიბა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
"კონფერენციის თემა _"უსაფრთოება _ 21 საუკუნის გამოწვევა" მოიცავს ყველა აქტუალურ პრობლემატიკას და იმ გამოიწვვებს, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას, როგორც გლობალური ასევე რეგიონალური მასშტაბით", - აცხადებს საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
მისი თქმით, ჩვენ გვეძლევა შანსი სხვადასხვა ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს გავაცნოთ ჩვენი ხედვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით და ასევე მოვისმინოთ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოზიციები რიგ საკითხებთან მიმართებაში.
კონფერენციის მონაწილეები დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირშესანიშნაობებს და მცხეთას ეწვეიან.
5 მარტს დაგეგმილია ფორუმის მონაწილეთა ვიზიტი შს სამინიტროში.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მიაწვდიან ინფორმაციებს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.