ბათუმში წუხელ გვიან ღამით მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
ბათუმში, ლერმონტოვის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე წუხელ ადგილობრივებმა დაახლოებით 5-7 გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც რამდენიმე დაჭრილი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ პიროვნება საქართველოში არალეგალურად იყო შემოსული. გადამოწმების მიზნით ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და საბუთები მოსთხოვეს, რომლის დროსაც აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ამოიღო იარაღი და პოლიციელის მისამართით მოახდინა რამდენიმე გასროლა. გასროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი და გამვლელი მოქალაქე. პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით. თავდამსხმელი დაჭრილია, იგი დაკავებულია თავის ორ თანმხლებ პირთან ერთად. დაჭრილები მოთავსებული არიან საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ", - აცხადებს ნინო გიორგობიანი