„ჩვენ ჟენევაში ჩვენი ყოფნის ახალი პარადიგმა განვიხილეთ და ვფიქრობ, რომ არის ძვრები ამ მიმართულებით", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში ჩასულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე დროს ჩირიკბამ აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს „უფრო წარმატებული იქნება".
ჩირიკბამ ასევე განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განიხილეს „აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხი".
„ეს ეხება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, საშუალო განათლების ატესტატების აღიარებას შესახებ, აფხაზური სასწავლებლების დიპლომების აღიარებას, ასევე ლიბერალური პოლიტიკას იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრებიან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ არ არსებობდეს პრობლემა საზღვარგარეთ ნორმალური მუშაობისა და სწავლისა", _ განაცხადა ჩირიკბამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა.
„თუმცა საქართველო კვლავინდებურად უარს აცხადებს ჩვენთან ამ ხელშეკრულების ხელის მოწერაზე", _ აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ „საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით, მოხდება საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაფორმდეს".
„ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება თუმცა ჩვენ მოთბინება გვაქვს", _ განაცხადა ჩირიკბამ.