საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსთავში, გურასაშვილების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.
მინისტრმა ოჯახის დიასახლისს დედის დღე მიულოცა და მის 5 შვილს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა - მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერი, მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები - გადასცა.
რუსთავიდან დიმიტრი შაშკინმა დედის დღე საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალბატონს მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ხელმოკლე ოჯახებისთვის წიგნების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები მთლიანად მოიხსნება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი ოჯახების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა იგეგმება.
მინიტრის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწას, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. ამასთანავე, გამკაცრდება სახელმძღვანელოების გრიფირების წესი და შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი, რაც ბევრ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმძღვანელოების შეძენას გაუადვილებს.