უცხო ქვეყნის მოქალაქეები მალე აფხაზეთში საცხოვრებლის შეძენას შეძლებენ. აფხაზეთის ე.წ. მთავრობას გადაწყვეტილი აქვს „ოფიციალურად" დართოს ნება უცხოელებს შეიძინონ უძრავი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. განცხადებები ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში, რუსი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, „სახელმწიფოსაგან მალულად" უკვე დიდი ხანია ათასობით ასეთი გარიგებაა შემდგარი. „უცხოელთათვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვა აფხაზეთში 1990-იანი წლების შუახანებიდან მოქმედებდა იმისათვის რათა უძრავ ქონებაზე ფასი აწეულიყო", _ წერენ სეპარატისტები. აღსანიშნავია, რომ „უცხოელებში" აფხაზი სეპარატისტები რუსეთის მოქალაქეებს გულისხმობენ.
აფხაზეთში გამომავალი გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი ამ საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ ცხადია, რომ აფხაზეთის ეკონომიკა ამჟამად რთულ პერიოდს განიცდის. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს პირდაპირი რუსული ინვესტიციები შეადგენენ და ადგილობრივი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. საჭიროა რაღაც გარღვევა და „ამ გარღვევას ალექსანდრე ანქვაბი იმაში ხედავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის ნება დართოს. ეს სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას მოახდენდა და ბიუჯეტისთვისად დამატებითი შემოსავალი იქნებოდა", - აცხადებს ხაშიგი და იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომლებიც ამგვარ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს.
„ადამიანი რომელიც საცხოვრებელს ყიდულობს, ახლანდელი კანონმდებლობით მოქალაქეობის შესახებ გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა აფხაზეთის სრულფასოვანი მოქალაქე გახდეს. ხოლო 10 წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც აქ საცხოვრებელს იყიდიან ბევრად მეტი იქნება ვიდრე ყველა ადგილობრივი მოსახლე ერთად აღებული. ეს უნდა გვახსოვდეს", _ განაცხადა ხაშიგმა.