„ქართული სოფლები ლიახვის ხეობაში არასოდეს ყოფილა", _ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ოსური მედია. სტატიაში ნათქვამია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველებით დასახლებული სოფლები არც არასოდეს ყოფილა და ამიტომაც სეპარატისტული ხელისუფლება ამჟამად ნანგრევებად ქცეული, ქართულ სახლებად მიჩნეული ნანგრევების დაშლას ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, თამამად უნდა შეუდგეს.
„სამხრეთ ოსეთში არსებულ ქართულ სოფლებზე საუბარი უბრალოდ არაკორექტულია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რამდენიმე დასახლებული პუნქტი მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში ასეთი სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა", _ ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ სოფლები თამარაშენი, ქურთა, ზემო აჩაბეთი, ხეითი და ჩერმეტი - ეროვნებით ქართველებით დასახლებული არასოდეს ყოფილა.
„სოფლების: თამარაშენის ქურთას, ზემო აჩაბეთის, ხეითისა და ჩერმეტის მოსახლეობის 30-40 % ოსები შეადგენდნენ, მეორე ნაწილსაც ოსები - მხოლოდ გაქართველებული ოსები.
ხეთაგური, ქოჩიშვილი, თედიაშვილი და სხვა გვარების წარმომადგენელთა წარმომავლობა ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსებისგან წარმოიქმნა. სწორედ ამგვარი ცვლილებების ხარჯზე ეწოდა ამ სოფლებს „ქართული", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით თამამად უნდა იმოქმედოს და ამ სოფლებში დარჩენილი ე.წ. ქართული სახლების ნანგრევების განადგურებას თამამად უნდა შეუდგეს.
„რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. რეალობა კი ასეთია - არის ტერიტორია, რომელიც ამჟამად ნანგრევებითაა სავსე და მათი არსებობა ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხე, რომლებიც იქ ცნობისმოყვარეობისდა გამო დადიან.
უკვე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ნაგებობის ნარჩენი ჩამოინგრა და ადამიანის სიცოცხლეს ზიანი მიაყენა. ამიტომაც ამ გამოყენების გარეშე დარჩენილ ტერიტორიას ჯეროვანი ყურადღება დროულად უნდა მიექცეს. ჩვენ ჩვენს სამშობლოს კეთილმოწყობას მშვიდად უნდა შევუდგეთ", _ ნათქვამია სტატიაში.