საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას გეგმავს. ამის შესახებ ქეცბაიამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ერთად თამაშამდე სულ რამდენიმე ვარჯიშს ჩავატარებთ, მაგრამ რას ვიზამთ ეს პრობლემა ყველა ნაკრებს აქვს, ამას უნდა შევეგუოთ. ნაკრებში თამაშის და თავის გამოჩენის შანსი კი ყველას მიეცემა. გვინდა, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ. ველოდებით გულშემატკივარს და მათ მხარდაჭერას. გარკვეული პრობლემები სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებით არის, თუმცა იმედი გვაქვს რომ ყვალაფერი მოგვარდება", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ნაკრების მწვრთნელმა გუნდის კაპიტანზე, კახა კალაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად წარსულში წარმატებებისა ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.
"რაც შეეხება კალაძეს, რა თქმა უნდა, ის რჩება ნაკრების კაპიტნად. მართალია ახლა "მილანში" ვერ თამაშობს, მაგრამ იმ დონის ფეხურთელია და ისეთ მოთამაშეებთან უწევს ვარჯიში, რომ მგონი, ჯობს იქ ვარჯიშობდეს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში ძირითადში თამაშობდეს. იმედი მაქვს, რომ კალაძე კარგ ფორმაში იქნება და ნაკრებს დაეხმარება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ნაკრებში გარანტირებული ადგილი არავის აქვს", - აღნიშნა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.